29 ივლისს, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში, BIM Solutions Georgia-მ Autodesk-თან პარტნიორობით გამართა ბიზნესშეხვედრა — FORMA Business Meeting for Development Executives.
ღონისძიებას დაესწრნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრები დეველოპერული, პროექტების მართვის, ზედამხედველობისა და ფინანსური სექტორებიდან. შეხვედრის მიზანი იყო პრაქტიკული დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ პროექტის მფლობელებსა და მმართველ გუნდებს უკეთ მართონ საპროექტო ინფორმაცია, ცვლილებები, კოორდინაცია და სამშენებლო პროცესები BIM-ისა და Autodesk-ის ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენებით.
თანამედროვე დეველოპერულ პროექტებში ერთდროულად მონაწილეობენ არქიტექტორები, კონსტრუქტორები, MEP ინჟინრები, პროექტის მენეჯერები, ზედამხედველები, გენერალური კონტრაქტორები და ქვეკონტრაქტორები. რაც უფრო კომპლექსურია პროექტი, მით უფრო იზრდება მოძველებული ვერსიის გამოყენების, დაგვიანებული ინფორმაციის, გაურკვეველი პასუხისმგებლობებისა და ცვლილებების დაკარგვის რისკი.
ღონისძიების მთავარი გზავნილი სწორედ ამ გამოწვევას შეეხებოდა: პროექტში ცვლილებები გარდაუვალია, თუმცა მათი მართვა შესაძლებელია ერთიან, სტრუქტურირებულ და გამჭვირვალე ციფრულ გარემოში.
შეხვედრა გახსნა BIM Solutions Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, მარიამ ქუთათელაძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა დეველოპერებისთვის პროექტის კონტროლის, ინფორმაციის სანდოობისა და გადაწყვეტილებების მიკვლევადობის მნიშვნელობაზე.

MUK Group-ის Autodesk Solutions Expert-მა, ალექსანდრ შიპილოვმა წარადგინა BIM-ის დანერგვის ძირითადი ეტაპები — მიზნების განსაზღვრიდან მონაცემებისა და სამუშაო პროცესების მოთხოვნების ჩამოყალიბებამდე, შესაბამისი ტექნოლოგიების შერჩევასა და ორგანიზაციული ცვლილებების მართვამდე. პრეზენტაციის მთავარი აქცენტი იყო, რომ BIM-ის წარმატებული დანერგვა მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის შეძენას არ ნიშნავს. აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს პროექტის მონაწილეების როლები, პასუხისმგებლობები, ინფორმაციის გაცვლის წესები და მოსალოდნელი შედეგები.

მაქსიმ მელნიკოვმა, Autodesk Solutions Expert-მა MUK Group-იდან, Autodesk AEC Collection წარმოადგინა, როგორც არქიტექტურის, საინჟინრო პროექტირებისა და მშენებლობისთვის შექმნილი ერთიანი პროფესიული ეკოსისტემა. განხილული იყო, როგორ ეხმარება თავსებადი ინსტრუმენტები სხვადასხვა საპროექტო დისციპლინას კოორდინირებულ მუშაობაში, ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაძლო რისკების მშენებლობამდე გამოვლენაში.

BIM Solutions Georgia-ს BIM Manager-მა და Autodesk Technical Advisor-მა, დავით აკოფოვმა, სტუმრებს Forma Data Management-ის პრაქტიკული შესაძლებლობები გააცნო. პრეზენტაცია შეეხო დოკუმენტების, მოდელების, ვერსიების, ცვლილებებისა და გუნდების წვდომების ერთიან გარემოში მართვას, სადაც პროექტის ინფორმაცია არის ორგანიზებული, განახლებადი და მიკვლევადი.
BIM Solutions Georgia-ს CEO-მ, ვიტაუტას პუოჯუნასმა Autodesk Build-ის როლი მშენებლობის ეტაპზე განიხილა. საუბარი შეეხო ნახაზების, საკითხების, RFI-ების, დასამტკიცებელი მასალების, პასუხისმგებლობებისა და ვადების მართვას. მთავარი იდეა იყო, რომ პროექტის მფლობელს ყოველდღიური ტექნიკური ოპერაციების უშუალოდ მართვა არ სჭირდება, თუმცა უნდა ჰქონდეს ზუსტი და დროული ინფორმაცია პროექტის სტატუსის, რისკებისა და ღია საკითხების შესახებ.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია პროექტის მფლობელის, პროექტის მართვის კომპანიის, BIM გუნდის, დიზაინერებისა და კონტრაქტორების პასუხისმგებლობებზე. მონაწილეებმა განიხილეს, როდის უნდა განისაზღვროს BIM მოთხოვნები, რა უნდა აისახოს საკონსულტაციო და სამშენებლო ხელშეკრულებებში და რატომ არის ეფექტიანი ციფრული ტრანსფორმაციის დაწყება ერთი აქტიური პროექტით.
ღონისძიების ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა Development Digitalisation Partnership Program-ს — BIM Solutions Georgia-ს ახალ ინიციატივას, რომლის საშუალებითაც კომპანიებს შეუძლიათ ერთი მიმდინარე ან დაგეგმილი პროექტის მაგალითზე შეაფასონ არსებული სამუშაო პროცესები, გამოავლინონ ძირითადი რისკები და BIM-ისა და Autodesk-ის ტექნოლოგიების დანერგვის პრაქტიკული გზა განსაზღვრონ.
პროგრამაში ჩართვის მსურველ კომპანიებს შეუძლიათ შეავსონ მოკლე სარეგისტრაციო ფორმა: რეგისტრაცია . განაცხადის მიღების შემდეგ BIM Solutions Georgia-ს გუნდი დაუკავშირდება კომპანიას პირველადი შეხვედრისა და შესაძლო თანამშრომლობის შემდეგი ეტაპის დასაგეგმად.

Development Digitalisation Partnership Program BIM Solutions Georgia-ს მიერ დაგეგმილი უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოში BIM-ის, ციფრული პროექტირების, პროექტის მონაცემთა მართვისა და დაკავშირებული სამშენებლო პროცესების განვითარებაა.
BIM Solutions Georgia მომავალშიც გააგრძელებს პრაქტიკული ინიციატივების, პროფესიული შეხვედრებისა და ცოდნის გაზიარების პლატფორმების შექმნას. კომპანია გეგმავს სხვადასხვა მიმართულების ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად კიდევ არაერთ დახურულ შეხვედრას, სამუშაო სესიასა და საგანმანათლებლო ღონისძიებას, რომლებიც კონკრეტული სექტორების რეალურ საჭიროებებსა და მიმდინარე გამოწვევებს დაეთმობა.
ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიური შესაძლებლობები რეალურ სამუშაო პროცესებს დავუკავშიროთ, ხელი შევუწყოთ პროფესიული ცოდნის გავრცელებას და კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული გზის განსაზღვრაში დავეხმაროთ