მიუნხენის ცენტრალური სადგურის სარკინიგზო დარბაზის კონსტრუქციული ანალიზი

მიუნხენის ცენტრალური სადგურის გრძელი გადახურვის მქონე სარკინიგზო დარბაზის სახურავის სრული რეაბილიტაციის პროექტი Dlubal-ის ერთ-ერთ მომხმარებელ კომპანიას, Werner & Balci-ს, დაევალა. პროექტის განსაკუთრებული სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ რეკონსტრუქცია მიმდინარეობს სადგურის ფუნქციონირების პარალელურად, მისი ფუნქციურობის შეწყვეტის გარეშე. ინფორმაციისა და სხვადასხვა სისტემებს შორის კოორდინაციის ოპტიმიზაციის მიზნით, დაგეგმვის პროცესი განხორციელდა „შენობის ინფორმაციული მოდელირების“ (BIM) მეთოდოლოგიის გამოყენებით.

მიუნხენის ცენტრალური სადგურის სარკინიგზო დარბაზის რეკონსტრუქცია კომპლექსურ და მაღალტექნოლოგიურ საინჟინრო პროექტს წარმოადგენს. ობიექტის მზიდი ფოლადის კარკასი შედგება მთავარი და მეორეხარისხოვანი კოჭებისგან, ფერმებისგან, გრძივი და განივი კავშირებისგან, აგრეთვე ფირფიტოვანი ელემენტებისგან, რომელთა გაძლიერებაც განხორციელდა კომბინირებული მუშაობის მქონე ვანტური სისტემით. 40 მმ დიამეტრის მქონე წინასწარ დაძაბული ბაგირები ქმნის მსუბუქ გამამაგრებელ კონსტრუქციას, რომლის მონტაჟიც მინიმალურ შრომით რესურსს მოითხოვს. ბაგირების ტრასირება მთავარ კოჭებზე მიჰყვება პოლიგონალურ ტრაექტორიას ღუნვის მომენტების ეპიურის შესაბამისად, ხოლო თითოეული მათგანის წინასწარი დაჭიმულობის ძალა 200 კილონიუტონს შეადგენს.
პროექტი აგრეთვე მოიცავს მონოლითურ და ნაკრებ რკინაბეტონის კონსტრუქციებს: გადახურვაზე მოწყობილია ბეტონის ფილები, ხოლო ბაზისურ ნაწილში — მასიური საძირკვლები. სივრცული თვალსაზრისით, ეს არის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, ჰიპერსტატიკური საინჟინრო ნაგებობა, რომელიც 20,000-ზე მეტ ელემენტს და 200-ზე მეტ განსხვავებულ ფოლადის პროფილს აერთიანებს.
Dlubal RFEM-ის პროგრამული კომპლექსის მძლავრი 3D სივრცული მოდელირების ფუნქციონალის წყალობით, შესაძლებელი გახდა ყველა ფოლადისა და რკინაბეტონის ელემენტის ზუსტი ანალიზი სასრული ელემენტების მეთოდით, კონსტრუქციის მდგრადობის შემოწმება და ზღვრული მდგომარეობების მიხედვით მზიდუნარიანობის ეფექტური ვერიფიკაცია.

სტატიის წყარო: www.dlubal.com