BIM Solutions Georgia Community Day Autodesk-ის პარტნიორობით წარმატებით გაიმართა თბილისში

BIM Solutions Georgia-მ წარმატებით უმასპინძლა დახურული ფორმატის პროფესიულ ღონისძიებას — BIM Solutions Georgia Community Day, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა არქიტექტურის, ინჟინერიის, მშენებლობის, დეველოპერული სექტორის, აკადემიური სივრცისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლები.

ღონისძიება ჩატარდა Fabrika Tbilisi-ში და მიზნად ისახავდა პროფესიული საზოგადოების გაძლიერებას, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, BIM სამუშაო პროცესებისა და ციფრული კოლაბორაციის შესახებ ღია დიალოგის წარმართვას, ასევე საქართველოში AEC სექტორის განვითარების მომავლის განხილვას.

საღამოს ოფიციალური ნაწილი გაიხსნა BIM Solutions Georgia-ს წარმომადგენლების სიტყვით და ვიტაუტას პუოჯიუნასის, BIM Solutions Georgia-ს თანადამფუძნებლისა და CEO-ს პრეზენტაციით, სადაც მან აუდიტორიას გაუზიარა Autodesk-ის უახლოესი კვირების განმავლობაში გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი განახლებები, ისაუბრა პლატფორმების განვითარების მიმართულებებზე და განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება Autodesk Forma-ზე, მის შესაძლებლობებზე და იმ ღირებულებაზე, რომელსაც ეს პლატფორმა ქმნის თანამედროვე AEC სექტორისთვის — ადრეული ანალიზის, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების და უფრო ინტეგრირებული სამუშაო პროცესების მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებმა ასევე მოისმინეს საინტერესო გამოსვლები სხვადასხვა წამყვანი კომპანიებისა და პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან. სპიკერებს შორის იყვნენ წარმომადგენლები NKC Consulting-დან, ARCHIDEA-დან, Smart Engineering Group-იდან, LAYOUT-იდან, SPECTRUM-იდან. ბოლოს კი მოხდა Forma Design Collaboration-ის ინტერფეისისა და მისი უპირატესობების ჩვენება.  პრეზენტაციები შეეხებოდა როგორც რეალურ პროექტებზე მიღებულ გამოცდილებას, ისე BIM პრაქტიკას, ციფრული სამუშაო გარემოს მნიშვნელობას, პლატფორმების ევოლუციას, პარტნიორობის როლს და ეფექტურ მუშაობას თანამედროვე BIM ეკოსისტემაში.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ საჯარო სექტორის, ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანიების წარმომადგენლები. პანელში მონაწილეობდნენ:

  • საჯარო სექტორის წარმომადგენელი — საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან,
  • აკადემიური სფეროს წარმომადგენელი — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან,
  • არქიტექტურული პრაქტიკის წარმომადგენლები — წამყვანი არქიტექტურული კომპანიებიდან,
  • საინჟინრო სექტორის წარმომადგენელი — საინჟინრო კომპანიის მხრიდან,

დისკუსიის ფარგლებში საუბარი შეეხო:

  • BIM-ის რეალურ დანერგვას ბიზნესსა და სახელმწიფო სექტორში,
  • სხვადასხვა დისციპლინას შორის კოორდინაციის გამოწვევებს,
  • განათლებისა და ინდუსტრიის ურთიერთკავშირს,
  • მონაცემებზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს მნიშვნელობას,
  • და იმ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავს წარმატებულ პროექტის მიწოდებას თანამედროვე AEC სექტორში.

ღონისძიება გამოირჩეოდა მაღალი ინტერესით, ჩართულობითა და ძლიერი აუდიტორიით. შეკითხვები და კომენტარები აუდიტორიის მხრიდან კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ მსგავსი პროფესიული შეხვედრები მნიშვნელოვანი პლატფორმაა ცოდნის გაზიარებისთვის, ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ახალი კავშირების შექმნისთვის და ბაზრის განვითარებისთვის.

ოფიციალური ნაწილს ახლდა სასიამოვნო არაფორმალურ გარემოც — networking, კოქტეილები, მუსიკა და პროფესიული კომუნიკაცია, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა უფრო თავისუფალ ატმოსფეროში გაეგრძელებინათ დიალოგი და ახალი ურთიერთობები დაემყარებინათ.

BIM Solutions Georgia მადლობას უხდის ღონისძიების ყველა სპიკერს, პანელის სტუმარს, პარტნიორსა და დამსწრეს მონაწილეობისთვის. Community Day კიდევ ერთხელ გახდა იმის დასტური, რომ საქართველოს AEC სექტორს აქვს მზაობა, ინტერესი და პოტენციალი უფრო ძლიერი, კოორდინირებული და თანამედროვე ციფრული სამუშაო გარემოს განვითარებისათვის.